Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გამოძიება გარდაცვლილის სამსახურის ვერსიაზე მუშაობს


თეონა თამაზაშვილი
თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება სამსახურთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.

"მუშაობენ სამსახურის მიმართულებით. არ ვიცი [რას გულისხმობს], იქაც არ ჰქონდაო კომფორტული ისა, მაგრამ რა შუაშია?! მე ვთქვი, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა", - უთხრა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შეხვედრის შემდეგ.

გარდაცვლილი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა. ერთი მათგანია ვებდეველოპერული კომპანია “ზეგ”. ამ დრომდე უცნობია “მეორე სამსახური”, სადაც თამარი დადასტურებულად მუშაობდა და სამუშაო, რომელსაც ის ასრულებდა.

გარდაცვლილის პოვნის პირველ დღეებში, ოჯახი ეჭვს გამოთქვამდა, რომ თამარი სამსახურთან დაკავშირებული გარემოებების გამო მოტყუებით მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც მისი ცხედარი იპოვეს.

თეონა თამაზაშვილის ცნობით, გამოძიებამ მიაგნო დამატებით კამერებს, რომლებიც თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ტბისში, თევზის ერთ-ერთ რესტორანშია დამონტაჟებული.

სოფელი ტბისი საკმაოდ შორსაა იმ ადგილიდან, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG