Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში გადაყვანილი კოვიდპაციენტი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია


თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანილ, COVID-19-ით დაავადებულ ქალს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აფხაზეთში ვეღარ მართეს, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია და მას კორონავირუსით ინფიცირებულთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა.

ლევან გოფოძემ დღეს, 3 აგვისტოს მედიას უთხრა, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამჟამად ჩვეულებრივ პალატაში იმყოფება და მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუმცა, ექიმის შეფასებით, მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ჯერ კიდევ აფხაზეთში დაუფიქსირდა მწვავე პნევმონია: „მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს და უტარდება მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით. ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს“.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები, 60 წლამდე ასაკის ქალი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, რუხის კლინიკაში 1 აგვისტოს გადაიყვანეს, 2 აგვისტოს კი - თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

3 აგვისტოს დილის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 98 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG