Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს სახელმწიფოები მზად არიან ლიბანის დასახმარებლად


ბეირუთის ერთ-ერთი უბანი პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ
ბეირუთის ერთ-ერთი უბანი პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ

მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ მზად არის ლიბანს დაეხმაროს ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგების დაძლევაში.

ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ახლა კონფლიქტის გვერდით გადადების დროა და მზად არის საერთაშორისო არხებით ლიბანს გაუწიოს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისი მთავრობა ბეირუთში მომხდარით შეძრწუნებულია და მზად არის ლიბანის მხარდასაჭერად.

ლიბანის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ყოველმხრივი დახმარება შესთავაზა. ტრამპის შეფასებით, ბეირუთში მომხდარი საშინელ თავდასხმას ჰგავს.

ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს, საღამოს მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 78 ადამიანი და დაშავდა 4000-ზე მეტი. ლიბანის ხელისუფლება ამ ეტაპზე მთავარ ვერსიად ასახელებს პორტის საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვის პირობების დარღვევას. სასუქს - ამონიუმის ნიტრატს ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთ კომპონენტადაც იყენებენ.

ბეირუთის პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული, ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები. მათ შორის დაზიანებულია გერმანიის, ყაზახეთის და რუსეთის საელჩოების შენობები. დაზიანდა ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის გემიც და რამდენიმე სამხედრო დაშავდა.

ლიბანის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო ბეირუთის უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ლიბანში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG