Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში 100-მდე გაიზარდა აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვი


აფეთქების შედეგად დანგრეული საცავი ბეირუთის პორტში
აფეთქების შედეგად დანგრეული საცავი ბეირუთის პორტში

ლიბანის ხელისუფალთა ბოლო ინფორმაციით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი. დაზუსტებული ინფორმაციით, 4 აგვისტოს საღამოს, პორტში ორი აფეთქება მოხდა. უფრო მძლავრი იყო მეორე, რომლის შემდეგ ჰაერში წარმოიშვა უზარმაზარი, ცეცხლოვანი მასა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა გაიგეს 240 კილომეტრში მდებარე კვიპროსზეც.

ლიბანის ხელისუფლება ამ ეტაპზე მთავარ ვერსიად ასახელებს პორტის საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვის პირობების დარღვევას. სასუქს - ამონიუმის ნიტრატს ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთ კომპონენტადაც იყენებენ.

აფეთქებების შედეგად დაშავებულია 4 ათასამდე ადამიანი. კორონავირუსის გამო ისედაც გადავსებული საავადმყოფოები მრავალრიცხოვან დაჭრილებს ვერ უმკლავდებიან. „ეს არის კატასტროფა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ხამად ხასანმა.

ბეირუთის პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული, ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები. მათ შორის დაზიანებულია გერმანიის, ყაზახეთის და რუსეთის საელჩოების შენობები. დაზიანდა ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის გემიც და რამდენიმე სამხედრო დაშავდა.

ლიბანის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო ბეირუთის უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ლიბანში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG