Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავის აზოტი" ბეირუთში აფეთქებულ ნივთიერებაზე: დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული


"ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" სს "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.

მისი განმარტებით, სს "რუსთავის აზოტი" ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს "რუსთავის აზოტი" ახორციელებდა.

"შესაძლებელია, მართლად რუსთავში ნაწარმოები გვარჯილა იყოს ეს, დანამდვილებით მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ შპს-ს წარმომადგენელი. გადაჭრით და დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ეს მართლაც იყოს რუსთავში წარმოებული პროდუქცია", - აღნიშნა ბურდილაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, რუსთავში წარმოებულ ამონიუმის ნიტრატს ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს.

"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვადაგასული ამონიუმის ნიტრატის შენახვა წლების განმავლობაში ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით და ამან გამოიწვია ეს აფეთქება", - აღნიშნავს სს „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

ბურდილაძის განცხადებით, "რუსთავის აზოტის" პროდუქციის ექსპორტი ათეულობით ქვეყანაში ხდება, მათ შორის, მაროკოში, იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს Rhosus. ინფორმაცია ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა ადგილობრივმა ტელეკომპანია LBCI-მ.

ინტერნეტგამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ გემი Rhosus-ი ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს, რომელმაც ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი და 4 000-მდე დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG