Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: სოციალური დახმარებების გამოცხადება არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ანტიკრიზისული სოციალური დახმარების მესამე ეტაპი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა იწყებს, არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრამის დაწყება იჩქარეს, რათა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ ყოფილიყო აღქმული:

„ჩვენ გვესმის, რომ მსგავსი სპეკულირებები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე, თორემ გონივრულად რომ წავსულიყავით და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტიანი ოპოზიცია რომ გვყავდეს, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს. უფრო ლოგიკური იქნებოდა. ამიტომ ცოტა ვიჩქარეთ. ამიტომ არანაირი კავშირი არ არის. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მედიასთან გაიხსენა პარლამენტში დებატების დროს ოპოზიციის წარმომადგენლის შენიშვნა იმის შესახებ, რომ მოსახლეობის დახმარების პროგრამები მცირეა და მისი გაგრძელებაა საჭირო:

„მითხრა, რომ ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო და დაეხმაროთო და ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ ამ მომენტს მეთქი. და ვიხსენებ ამ მომენტს. მაშინვე ვამბობდით ჩვენ პირველივე დღიდან, რომ ეს დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი. ამას ვაგრძელებთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მესამე ეტაპი, მერწმუნეთ სამწუხაროდ ისე ვითარდება სიტუაცია,რომ იქნება მეოთხე ეტაპიც და შესაძლებელია იყოს მეხუთე ეტაპიც და ეხლა რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? არა რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ამას გარდა, 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

პრემიერის თქმით, ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც სოციალური სამსახურის შეფასებით 150 ქულამდე აქვს, 2020-2021 წლის ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მთავრობა ბიუჯეტიდან ერთი წლის საფასურს სრულად დაფარავს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სოციალური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. გახარიას თქმით, ასეთი ჯამში 33 ათასი სტუდენტია. მთავრობამ მიიღო ასებე გადაწყვეტილება ერთჯერადი 300 ლარი გადაუხადოს იმ თვითდასაქმებულ 80 000 მოქალაქესაც, რომელთაც ვერ შეძლეს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG