Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი და კელი დეგნანი ესტუმრნენ სამცხე-ჯავახეთს


შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის „აღმოაჩინე საქართველო"-ს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ესტუმრა სამცხე-ჯავახეთს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სამცხე - ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

„მინდოდა ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა.

სამცხე-ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

ახლახანს შეიქმნა ერუშეთის დაცული ტერიტორია, რაც ამ მხარისთვის კიდევ ერთი წარმატებისა და გაძლიერების საფუძველს ქმნის, რადგან მის გარშემო ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე გააძლიერებს რეგიონს.

ანუ, ამ მხარეს დიდი მომავალი აქვს და ეს ძალიან კარგად შეაფასა ამერიკის ელჩმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვიყვანე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკის ელჩს პრეზიდენტმა და ფოკას დედათა მონასტრის წინამძღვარმა მონასტრის დაარსების, მისი საქმიანობის, საკვირაო სკოლის, სამინანქრო სახელოსნოსა და ყველის მცირე ქარხნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, რამდენიმე სახეობის ყველი მზადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG