Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო შემაკავებელ ორდერზე ინფორმაციის გამჟღავნების კანონიერების შესწავლა


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმაურება 6 აგვისტოს სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ დოკუმენტებს, რომლებშიც იდენტიფიცირებული ფორმით ხელმისაწვდომია კონკრეტულ პირთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.

„გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინება ჯ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ.ბ-სთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და თ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმღები ექიმის ჩანაწერი", - აღნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. „სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება მედიით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლის მიზნით. სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მონაცემთა მედიის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მედიებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, სიფრთხილით მოეკიდონ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროებას, რადგან მათმა გავრცელებამ შესაძლოა, არსებითი ზიანი მიაყენოს ადამიანის პირად ცხოვრებას.

XS
SM
MD
LG