Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონი ბეირუთში ჩავიდა დამანგრეველი აფეთქების შედეგების გასაცნობად


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ჩავიდა ლიბანში, საფრანგეთის ყოფილ კოლონიაში, მას შემდეგ, რაც ბეირუთის ნავსადგურში დამანგრეველი აფეთქება მოხდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინსიტროს უკანასკნელი მონაცემებით, 4 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა მინიმუმ 137 ადამიანი, 5000-მდე დაშავდა. აფეთქების მძლავრმა ტალღამ პორტის ნაწილი დაანგრია. სერიოზულადაა დანგრეული რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებელი კვარტლები. წინასწარი შეფასებებით, ლიბანის დედაქალაქში 250 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.

საფრანგეთმა და მსოფლიოს მრავალმა სხვა ქვეყანამ ლიბანს კატასტროფის ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზეს.

მაკრონმა მოინახულა დანგრეული ზონა, დაათვალიერა დაზიანებული შენობების ნაწილი, შეხვდა მოსახლეობას. საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრებზე მრავალმა მათგანმა დაიჩივლა ლიბანის ხელისუფლებაზე. მათი თქმით, საჭიროა რევოლუცია და „ამჟამიდელი რეჟიმის“ შეცვლა. საპასუხოდ მაკრონმა პირობა დადო, რომ ყოველ ღონეს იხმარს, რათა დაარწმუნოს ლიბანის ხელისუფლება რეფორმებისა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაში. მისი თქმის, „ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში კორუფციონერებს.“

5 აგვისტოს ლიბანის მთავრობამ ბრძანება გასცა, ნავსადგურის პასუხიმგებელი პირები შინა პატიმრობაში მოათავსონ.

აფეთქების მიზეზად სახელდება 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალი ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა. ამის თაობაზე განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ფაჰმიმ. ფაჰმის თქმით, 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, მაღალფეთქებადი ნივთიერება, სასუქის კომპონენტი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ჩამოიტვირთა 2014 წელს ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.

გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. ის ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.

მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG