Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურამ „ფეისბუკიდან“ და „ინსტაგრამიდან“ ინფორმაცია გამოითხოვა


საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა.

განცხადების თანახმად, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ოფიციალურმა უწყებებმა „ფეისბუკიდან“ და „ინსტაგრამიდან“ ინფორმაცია გამოითხოვეს.

„24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუკ“-მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუკ“-მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“-მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „გუგლის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, „იუთუბი“) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა.

28 ივლისს („ფეისბუკ“-ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში კომპანია „ფეისბუკს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. „ფეისბუკმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია „ფეისბუკის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. „ფეისბუკმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.

რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიმართა „ფეისბუკ“ და „ინსტაგრამ“-მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით“.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება. 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუკ“ და „ინსტაგრამ“-მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

განცხადების თანახმად, გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. შეხვედრაზე ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზდყოფნას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების თხოვნით.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG