Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს


დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით EURACTIV-ზე თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა. სტატიაში, კერძოდ, დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სამხედრო აგრესიის შედეგად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაც შეირყა. ზალკალიანი წერს, რომ საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ეს მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკით ვერ აიხსნება. მინისტრი ამბობს, რომ ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს:

„ამიტომ, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება“, - წერს მინისტრი.

მისი თქმით, რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს, რადგან ორივე კონფლიქტი ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის კერების შექმნის გზით ევროპული უსაფრთხოების აღმოფხვრაა:

„უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. ეს გზას გაუხსნის უფრო მდგრად მშვიდობას მთელს რეგიონში. მჯერა, რომ საქართველოში სამშვიდობო პროცესის წარმატებამ შესაძლოა ტრანსფორმაციული ძალის როლი შეასრულოს აღმოსავლეთ პარტნორობის სივრცისა და შავი ზღვის რეგიონისთვის“, - აღნიშნავს სტატიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მადესტაბილიზირებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და არასდროს იტყვის უარს ერთხელ არჩეულ გზაზე, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებასთან ერთად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG