Accessibility links

კომპანია "ზეგ"-ის დირექტორის სახლს ჩხრეკენ


სამართალდამცავები კომპანია "ზეგ"-ის დირექტორის, თამარ კობერიძის სახლს ჩხრეკენ. ეს ის კომპანიაა, რომელშიც 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა.

"ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და კიდევ რა უნდათ, არ ვიცი", - აცხადებს კომპანიის ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი, რომელიც ჩხრეკის დაწყებას ბაჩანა ლობჟანიძის "გამოძიებას" უკავშირებს. ლობჟანიძე თავს გარდაცვლილის შეყვარებულად მოიხსენიებს.

"ზეგ"-ის დირექტორის სახლში ჩხრეკის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამართალდამცავებმა კომპანიიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს და დალუქეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს. მათ მოთხოვნებს შორისაა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა. პრემიერის თქმით, ის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG