Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-სგან ითხოვს, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს


მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, ვებგვერდზე არ გაავრცელოს ისეთი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას უწყობს ხელს:

„იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში იწვევს და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს და, თითქოსდა, პირდაპირ არის მიმართულება გამოძიების, თითქოსდა აქ მარტო თვითმკვლელობაზეა საუბარი“, - აღნიშნა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წარმომადგენლები ადვოკატთან ერთად დღეს უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ ჩვენებებს გაეცნენ:

„ძალიან საინტერესო ჩვენებებია. ძალიან წინააღმდეგობრივი ჩვენებებია, ძალიან ბევრ რაღაცაზე კიდევ ძალიან ბევრი კითხვები გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ გაგვიყვანოს კვალზე“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI-ის ჩართვა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ საქმეში ჩართვის თხოვნით უკვე მიმართა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG