Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს ძალადობას ბელარუსში და მოითხოვს დაკავებულთა დაუყოვნებლად გათავისუფლებას


ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი გმობს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს დაკავებულები, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისრის, ოლივერ ვარჰელისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის, ერთობლივ განცხადებაში.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების, ოპოზიციის შეფასებით, ფალსიფიცირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა.

„არჩევნების ღამეს თან ახლდა ხელისუფლების მხრიდან ძალის არაპროპორციული და დაუშვებელი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც, როგორც იუწყებიან, ერთი დემონსტრანტის დაღუპვა და რამდენიმეს დაშავება მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლად გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობის შეკრების ფუძემდებლური უფლებების განუხრელი დაცვა“, - ნათქვამია ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისრის, ოლივერ ვარჰელისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის, ერთობლივ განცხადებაში.

მიმართვის ადრესატია ასევე ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო ხმების 80.23%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 9.9%.

„თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისათვის თავისი უპრეცედენტო მობილიზების შემდეგ, ბელარუსი ხალხი ახლა ელოდება, რომ მისი ხმები ზუსტად იქნება დათვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნოს ისეთი შედეგები, რომელიც ბელარუსი ხალხის არჩევანს ასახავს“, - ნათქვამია ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთობლივ განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია, რომ მოვლენათა „შემდგომ განვითარებაზე“ იქნება დამოუკიდებული ევროკავშირის რეაქცია და დამოკიდებულება ბელარუსის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG