Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ „ცხვრები“ უწოდა დემონსტრანტებს, რომლებიც „პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან“ იმართებოდნენ


ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა „ცხვრებს“ უწოდებს წუხელ ბელარუსის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს, რომლებიც, მისი თქმით, საზღვარგარეთიდან განხორციელებული ზარებით იმართებოდნენ.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ამის შესახებ ლუკაშენკამ განაცხადა დსთ-ის აღმასრულებელ მდივანსა და თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ სერგეი ლებედევთან შეხვედრაზე.

ლუკაშენკას თქმით საპრეზიდენტო არჩევნები, ქვეყნის ისტორიაში გამოირჩეოდა ამომრჩეველთა სარეკორდოდ მაღალი აქტიურობით, საარჩევნო უბნებზე ადამიანები ოჯახებით, ბავშვებთან ერთად მოდიოდნენ, როგორც „დღესასწაულზე“.

„მაგრამ ვიღაცას მოუნდა ამ დღესასწაულის ჩაშხამება. ჩვენ დავინახეთ ისინი - ამ ღამით მათ კიდევ უფრო გამოააშკარავეს საკუთარი თავი. ჩვენ დავაფიქსირეთ (ეს თქვენ იცით, როგორც ყოფილმა მზვერავმა) ზარები საზღვარგარეთიდან. პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან განხორციელებული ზარებით იმართებოდნენ ჩვენი, მაპატიეთ გამოთქმისათვის, ცხვრები. მათ არ ესმით, რას აკეთებენ, მათი მართვა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების, ოპოზიციის შეფასებით, ფალსიფიცირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ დაწყებული ძალადობისა და დაპირისპირების შედეგად, მილიციამ და საგანგებო ქვედანაყოფებმა დააპატიმრეს 3000-მდე მოქალაქე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალადობის შედეგად ორივე მხარეს არიან დაშავებულები.

ლუკაშენკას თქმით, ტრავმები მიიღეს 50 მოქალაქემ და დაახლოებით 30-მა სამართალდამცველმა.

ევროკავშირი გმობს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს დაკავებულები, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისრის, ოლივერ ვარჰელისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის, ერთობლივ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG