Accessibility links

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქვეყნიდან გაემგზავრა


სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია უსაფრთხოდაა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. ინფორმაცია დღეს, 11 აგვისტოს ტვიტერით გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა.

ბელარუსიდან ციხანოუსკაიას გამგზავრების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

10 აგვისტოს საღამოს, მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრით მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ციხანოუსკაია სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. წუხელ პრეზიდენტობის კანდიდატი თავის შტაბს დაუკავშირდა, თუმცა, მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდნენ.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო.

ციხანოუსკაია და მისი მომხრეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

9 აგვისტოს ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. პირველ დღეს ათეულობით ადამიანი დაშავდა და 3 ათასამდე დააკავეს. 10 აგვისტოს მინსკში დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე.

ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ აქციები უცხოეთიდან იმართება და არ დაუშვებს, რომ ქვეყანა დაგლიჯონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG