Accessibility links

პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილს ხევში 5 პირი ჩაჰყვა, სცემეს და წყალში გადააგდეს


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე 5-მა პირმა მას გარდაცვალებამდე სცემა და შემდეგ წყალში გადააგდეს. ამ საკითხზე ბრიფინგი პროკურატურაში იმართება.

5-ვე პირს პროკურატურამ ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

პროკურატურის ვერსია

პროკურატურის ვერსიით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანებები მიიღო ვ.ჩ.-მ და მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიების მიზნით დაბრუნდა თბილისში, თუმცა ინფორმაციას აწვდიდნენ წვეულების ადგილზე დარჩენილი 2 მეგობარი.

პროკურორმა თქვა, რომ ვ.ჩ. დაუკავშირდა თბილისში მეგობრებს და დაახლოებით 00:30 საათზე კუთვნილი "ტოიოტა ქამრითა" და მერსედესის მარკის ​მანქანით გაემართნენ მცხეთისკენ.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით.

"მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ", - აღნიშნეს ბრიფინგზე.

პროკურორის თქმით, დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის მანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

"თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ამ დროს ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ, სადაც მანამდე კონფლიქტში მონაწილე პირთაგან არავინ დახვდათ. გამოძების ვერსიით, აგარაკიდან წამოსულმა "ტოიტა ქამრიმ" გზა გადაუჭრა შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს.

"გაჩერებისთანავე ავტომანქანიდან ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. ამ დროს ნაცემი გ.ქ. საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში.

"ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართულებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში", - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება.

"გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა", - აღნიშნა პროკურორმა.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას სიცოცხლეში არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, მისი გარდაცვალება კი ასფიქსიამ გამოიწვია, რომელიც წყალში დახრჩობით მოხდა. ამ საქმესთან შემხებლობაში დაკავებულია 17 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG