Accessibility links

site logo site logo

თეონა თამაზაშვილი: გაუგებარია გომელაურის განცხადება 


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ის განცხადება, რომელიც შეეხება საქმის გამოძიების პროცესში FBI-ის ჩართულობის საკითხს. მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ საჭირო იქნება.

„გაუგებარია გომელაურის ასეთი ტიპის განცხადება. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ბატონ ირაკლი შოთაძისგან მივიღეთ გარანტია იმისა, რომ უკვე დაგზავნილია წერილი FBI-ის ჩართულობაზე“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ კეთდება ერთსა და იმავე საკითხზე ორი ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადება ორი უწყების მიერ. თეონა თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ მოითხოვს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას:

„FBI თუკი ჩამოვა და თვითონ დამიდებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, იმ შემთხვევაში დავიჯერებ. მაგათი დადებული ექსპერტიზის პასუხი ჩემთვის მიუღებელია... სასტიკად არ უნდათ FBI-ის ჩართულობა იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მაგათი ხელი ურევია ყველაფერში ამაში“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვარაუდობს, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მალე დასრულდება. 11 აგვისტოს მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო პროცესში საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება:

"გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება, სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG