Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღსრულების ბიურო ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებაზე: მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ გვაქვს


ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფაქტზე აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბიურომ 10 აგვისტოს სააღსრულებლო წარმოება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაიწყო და მას პარტიასთან და ზურაბ ჯაფარიძის პარტიულ საქმიანობასთან არავითარი შეხება არ აქვს:

„სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება.
შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა.

„ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე“, - აღნიშნავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

10 აგვისტოს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჯარიმების გადაუხდელობის გამო მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ განაცხადა და აღნიშნული პოლიტიკურ საქმიანობას, კერძოდ, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენას დაუკავშირა.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საბანკო ანგარიში დაუყადაღეს ასევე ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს. აღნიშნულს ისიც თავის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG