Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ


ევროპარლამენტართა ჯგუფი „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში და მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ მიზანმიმართული საქნციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“.

„თავისუფლებისა და დემოკრატიული ცვლილებების მომხრე მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო ძალადობისა და უმკაცრესი ზომების გამოყენებით ბელარუსის რეჟიმმა გადალახა წითელი ხაზი. ჩვენ ვგმობთ საარჩევნო პროცესში, ათასობით ბელარუსის, მათ შორის უფლებადამცველების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მომხრეების, ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლების სასტიკი ძალით დარბევას და დაპატიმრებას, მათთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების ხელყოფას. მათ წინააღმდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების ღამით გამოყენებულ ძალადობას ჰქონდა მანამდე არნახული მასშტაბი და შეუძლებელია ამის გამართლება ან განმეორება“, - ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ტვიტერით გაავრცელა ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ევროპარლამენტარმა ლეიტუვიდან, პიატრას აუშტრიავიჩიუსმა.

ამ განცხადების ფონია, ხელისუფლების მიერ 10-11 აგვისტოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევა მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში. უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ, მილიციამ დააკავა დაახლოებით 6 ათასი აქტივისტი. რამდენიმე ათეული დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ დაუწესოს სანქციები არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში დამნაშავე ყველა პირს. სანქციები უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და მათი ოჯახების წევრებზე, არამედ რეპრესიული უწყებებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშუალო დონის მოხელეებზე. სავარაუდო შეზღუდვების ჩამონათვალი უნდა ითვალისწინებდეს მოგზაურობის აკრძალვას ევროკავშირის ფარგლებში და ანგარიშების გაყინვას მანამდე, სანამ ბელარუსში არ ჩატარდება ლეგიტიმური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - ნათქვამია ევროპარლამენტართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უნდა შეჩერდეს ევროკავშირ-ბელარუსის მოლაპარაკებები პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ. "ევროკავშირის ფინანსური დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიმართული ბელარუსის რეჟიმის სასარგებლოდ“, - ნათქვამია 24 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG