Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი,როგორიც დღესაა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლის დაწყების განახლებასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა იგი დიდწილად მაინც მოსახლეობის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის წესების დაუცველობის შემთხვევაში, სექტემბერში სწავლა ვერ განახლდეს:

„თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს ჩვენ არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სკოლებში, კოვიდიდან თავისუფალში მიიღონ განათლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კორონავირუსის მაღალი რისკის გამო 10 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. სოფელ ლენჯერში ჩასულმა ერთმა პირმა 16 პირი დააინფიცირა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ტარდება ტესტირებები, ტურისტები საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს და აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბანკების ღია კვების ობიექტების გარდა, ყველა დაწესებულება დახურულია.

​საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 სვანეთიდან, კერძოდ კი ლენჯერიდანაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჯამში ლენჯერთან კავშირში კორონავირუსი 30 პირს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი ჯამში 1 278 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 058 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთაგან 16 პირის მდგომარეობა მძიმეა.

XS
SM
MD
LG