Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაკავებულია და ნაცემია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი


ვიტალი ციგანკოვი
ვიტალი ციგანკოვი

მინსკში დააკავეს რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის თანამშრომელი ვიტალი ციგანკოვი და მისი მეუღლე. ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ოლგა ციგანკოვამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს სახელმწიფო ავტოინსპექციამ ისინი გააჩერა და მათ მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც ციგანკოვებმა საბუთების ფანჯრიდან ჩვენება მოინდომეს, ინსპექციის თანამშრომელი მათ პისტოლეტით დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ოლგა ციგანკოვა, რომელიც მანქანას მართავდა, არ დაემორჩილა ბრძანებას, ინსპექციის თანამშომლებმა ვიტალი ციგანკოვი მანქანიდან გამოათრიეს და ცემა დაუწყეს, თქვა ჟურნალისტის მეუღლემ.

ბელარუსიული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, რომ ვიტალი და ოლგა ციგანკოვები დააკავეს სამედიცინო უნივერსიტეტის მახლობლად, მედიკოსთა აქციის დროს. 130-ზე მეტი მედმუშაკი თეთრ ხალათებში გამოვიდა ლოზუნგებით „მედიკოსები ძალადობის წინააღმდეგ“ და „შეწყვიტეთ ძალადობა“. ამით ექიმები შეუერთდნენ სტიქიურ აქციებს და გააპროტესტეს მილიციის ძალადობა ხალხის მიმართ, რომელიც პატიოსან არჩევნებს ითხოვს.

უკანასკნელ დღეებში ბელარუსში მიმდინარე აქციების მსვლელობისას მრავალი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის - უცხოელებიც. დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საღამოს შემდეგ გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც ამ პოსტის ზედიზედ მეექვსედ დაკავებისთვის იყრიდა კენჭს. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო.

საპროტესტო აქციების დროს მილიციამ დააკავა 6 ათასამდე ადამიანი, 250 საავადმყოფოში აღმოჩნდა, ერთი დაიღუპა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის შესახებ. ქვეყანაში ორი დღე გათიშული იყო ინტერნეტი.

ოპოზიციის ყველა კანდიდატმა მიმართა ცესკოს კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG