Accessibility links

ბელარუსში გარდაიცვალა მილიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა


ბელარუსის ქალაქ გომელში გარდაიცვალა 25 წლის მამაკაცი, რომელიც მილიციამ 9 აგვისტოს დააკავა არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას.

გარდაცვლილის დედამ რადიო თავისუფლების ბელარუსიულ სამსახურს უამბო, რომ მის შვილს გულის პრობლემები ჰქონდა, საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდა და იმ საღამოს მეგობარ გოგონასთან მიდიოდა. დედა შვილს ეძებდა 9 აგვისტოს შემდეგ და მხოლოდ 12-ში შეიტყო, რომ მისი ვაჟის ცხედარი ერთ-ერთი საავადმყოფოს პროზექტურაშია.

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, იზოლატორში გადაყვანამდე მისი შვილი დიდხანს იმყოფებოდა მილიციის დახურულ ავტომანქანაში, სადაც ცუდად გახდა და როცა შველას ითხოვდა, ბადრაგმა ჩათვალა, რომ არაადეკვატურია და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის გამოცდილი ექიმი მიხვდა, რომ ფსიქიკური პრობლემები არაფერ შუაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ახალგაზრდა გადაიყვანეს ახლომდებარე ჰოსპიტალში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ. მილიციის და მისი სპეცდანიშნულების რაზმის, „ომონის“ მიერ დემონსტრანტების დარბევის შედეგად დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

დარბეული აქციის მონაწილე მინსკის საავადმყოფოში
დარბეული აქციის მონაწილე მინსკის საავადმყოფოში

ოფიციალურად დადასტურებულია ერთი დემონსტრანტის სიკვდილი. ბელარუსის შსს-მ ერთ შემთხვევაში აღიარა ცეცხლსასროლი იარაღით აქციის „აგრესიულად განწყობილი“ მონაწილის დაჭრის ფაქტიც.

ზოგიერთ შემთხვევაში, დემონსტრანტები თავადაც იყენებენ ძალას სპეცრაზმელების წინააღმდეგ. დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან. სამი დღის განმავლობაში დაკავებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი.

9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ. მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო. ოპოზიციამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარა. ციხანოუსკაიას შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG