Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის მოქალაქეებს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ


ბელარუსში საერთო ეროვნული გაფიცვის გაგრძელებას გეგმავენ. ტელეგრამ-არხით Nexta ვრცელდება მოწოდებები დილიდან ქუჩაში გასვლის და „ცოცხალი ჯაჭვის“ აქციის გაგრძელების შესახებ. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ეს აქცია 12 აგვისტოს, ქალებმა წამოიწყეს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.

ტელეგრამ-არხით ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლები პროტესტს უცხადებენ ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცავების ძალადობას და მილიციელის ტანსაცმელს ხევენ, ურნაში აგდებენ, ამ სამხრეებს აცლიან.

ტელეგრამ-არხით ვრცელდება შსს-ს მოქმედი თანამშრომლის პროტესტის ამსახველი ვიდეოც. მილიციელი კოლეგებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები იმ ადამიანისა, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა და აცხადებს, რომ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი სვიატლანა ციხანოუსკაიაა.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ. მილიციის და მისი სპეცდანიშნულების რაზმის, „ომონის“ მიერ დემონსტრანტების დარბევის შედეგად დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

ოფიციალურად დადასტურებულია ერთი დემონსტრანტის სიკვდილი. ბელარუსის შსს-მ ერთ შემთხვევაში აღიარა ცეცხლსასროლი იარაღით აქციის „აგრესიულად განწყობილი“ მონაწილის დაჭრის ფაქტიც.

ზოგიერთ შემთხვევაში, დემონსტრანტები თავადაც იყენებენ ძალას სპეცრაზმელების წინააღმდეგ. დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან. სამი დღის განმავლობაში დაკავებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი.

9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ. მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო. ოპოზიციამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარა. ციხანოუსკაიას შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG