Accessibility links

ადვოკატი: ვიტალი შკლიაროვი მინსკის იზოლატორში "წამების პირობებში" ჰყავთ


ვიტალი შკლიაროვი

პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი, რომელიც ბელარუსში დააპატიმრეს მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, მინსკის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება ფაქტობრივად „წამების პირობებში“. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა მისმა ადვოკატმა ანტონ გარიშინსკიმ.

შკლიაროვი ჯერ კიდევ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და საპროტესტო აქციების დაწყებამდე დააკავეს. გაშინსკის თქმით, გამოძიება ცდილობს, შკლიაროვი დაუკავშიროს სიარჰეი ციხანოუსკის საქმეს, ცნობილი ბლოგერისა, რომლის ცოლი სვიატლანა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარი მეტოქე იყო არჩევნებში.

ადვოკატის თქმით, პირობები, რომელშიც ამყოფებენ შკლიაროვს, ფაქტობრივად მოგვაგონებს ალექსანდრ სოლჟენიცინის მიერ „არქიპელაგ გულაგში“ აღწერილს. მას არ მოეპოვება ცხელი წყალი, დაბანა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეუძლება. შკლიაროვს აკრძალული აქვს მიმოწერა, მისთვის არ შეიძლება წიგნების გადაცემა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, როგორც შკლიაროვი იტყობინება, ის მთლიანად გააშიშვლეს და ექვსი საათის განმავლობაში დააყენეს ე.წ. „ჭიქაში“ - ოთახში, რომლის ფართობი ერთი კვადრატული მეტრია. თავად დაკითხვები კორექტულად ტარდება. მაგრამ შკლიაროვს საკანში პერიოდულად აკითხავენ, როგორც ჩანს, სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანები და ადვოკატის დაუსწრებლად ესაუბრებიან მას. მას აკრძალული აქვს ამ საუბრების შინაარსის მოყოლა. ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელ ხმაზე უკრავენ საბჭოთა მუსიკას, რის გამოც შკლიაროვს არ შეუძლია დაძინება.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ შკლიაროვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რათა მან აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია.

შკლიაროვი პოლიტკონსულტანტად მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლ ბერნი სანერსის კამპანიებში; მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში 2017 წელს; ქსენია სობჩაკის შტაბში რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში; საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის მთავარი პოლიტტექნოლოგი.

თავად შკლიაროვი უარყოფს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG