Accessibility links

ბელარუსში გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების დაკავებული ჟურნალისტი და მისი მეუღლე


ვიტალი ციგანკოვი

ხუთშაბათს მინსკში მეუღლესთან ერთად გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქციის მიმომხილველი ვიტალი ციგანკოვი, რომელიც ოთხშაბათს დააკავეს ბელარუსის სამართალდამცავებმა.

მასთან თითქმის ერთი დღის განმავლობაში არ ყოფილა კონტაქტი. საგამოძიებო იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ციგანკოვმა თავის კოლეგებს უთხრა, რომ მოგვიანებით მოუყვება დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ის და მისი მეუღლე ოლგა 12 აგვისტოს დააკავეს, როცა მანქანით ბრუნდებოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტთან გამართული აქციიდან. მედმუშაკების ჯგუფი შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს მილიციის განუკითხაობის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის მოთხოვნით.

როცა ციგანკოვები აქციის ადგილიდან გამოდიოდნენ, მათი ავტომობილი, რომელსაც ოლგა მართავდა, ავტოინსპექციის თანამშრომლებმა გააჩერეს. ოლგამ საბუთების ჩვენება ფანჯრიდან შესთავაზა მათ, მაგრამ ერთ-ერთმა მილიციელმა მძღოლის წინ ავტომატის ქნევა დაიწყო. ციგანკოვები შეეცადნენ მანქანა დაეძრათ, მაგრამ მათ სამართალდამცავები გადაეღობნენ. ვიტალი მანქანიდან გადაათრიეს და სცემეს. ამის შემდეგ ორივე წაიყვანეს შინაგან საქმეთა განყოფილებაში, რის შემდეგაც მათთან კონტაქტი შეწყდა.

უკანასკნელ დღეებში ბელარუსში მიმდინარე აქციების მსვლელობისას მრავალი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის - უცხოელებიც. დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საღამოს შემდეგ გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც ამ პოსტის ზედიზედ მეექვსედ დაკავებისთვის იყრიდა კენჭს. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო.

საპროტესტო აქციების დროს მილიციამ დააკავა 6 ათასამდე ადამიანი, 250 საავადმყოფოში აღმოჩნდა, ერთი დაიღუპა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის შესახებ. ქვეყანაში ორი დღე გათიშული იყო ინტერნეტი.

ოპოზიციის ყველა კანდიდატმა მიმართა ცესკოს კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG