Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ დაიწყო დაკავებულთა გათავისუფლება


ახლობლები დაკავებულების გათავისუფლებას ელოდებიან ჟოდინოს იზოლატორთან
ახლობლები დაკავებულების გათავისუფლებას ელოდებიან ჟოდინოს იზოლატორთან

ბელარუსის შსს-მ დაიწყო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება მინსკის და მის მახლობლად მდებარე ქალაქ ჟოდინოს იზოლატორებიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსიული სამსახური იუწყება.

ჟოდინოს იზოლატორთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებულებს სთავაზობდნენ საკუთარი ავტომანქანებით სახლებში წაყვანას.

იზოლატორებიდან გათავისუფლებულები, რომელთა შორის მრავლად არიან ქალები, ჟურნალისტებს უამბობენ, ცემის, არაადამიანური მოპყრობის, აბუჩად აგდების და მუქარის შესახებ.

მინსკის ოკრესტინის ქუჩაზე მდებარე იზოლატორში იმყოფებოდა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ბარსუკოვი. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ არანაირი აბუჩად აგდება არ ყოფილა.

საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან დაიწყო. დემონსტრანტების დარბევისას ათეულობით ადამიანი დაშავდა. დადასტურებულია სულ მცირე ორის გარდაცვალება. სამ დღეში ბელარუსის მილიციამ და "ომონმა" 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

პრეზიდენტი ლუკაშენკა, რომელმაც ბელარუსის ცსკ-ის ოფიციალური მონაცემებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა, საპროტესტო აქციებს უცხოეთიდან მართულს უწოდებს, დემონსტრანტებს კი - ცხვრებს.

ბელარუსის ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალი აქციების მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ სინამდვილეში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ლუკაშენკას მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG