Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბოლოო ოფიციალური შედეგებით, ლუკაშენკამ არჩევნებში 80%-ით გაიმარჯვა


ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მოქმედმა პრეზიდენტმა, გაიმარჯვა ხმების 80,1%-ით. მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 10,1% მიიღო.

ლუკაშენკა პარასკევს გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და უარყო ხმები, თითქოს ქვეყანა დატოვა. ლუკაშენკამ, რომელიც 10 აგვისტოს შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა, კომენტარი გააკეთა საწარმოებში მიმდინარე გაფიცვასა და საპროტესტო აქციებზე.

მისი თქმით, ქვეყანაში ცდილობენ, რომ გამოიწვიონ მღელვარება „შრომით კოლექტივებში“.

თავად საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნებისა და დემონსტრანტებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის შესახებ ლუკაშენკას კომენტარი არ გაუკეთებია.

სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელმაც არჩევნების შემდგომ დაწყებული რეპრესიების ფონზე, 10 აგვისტოს ქვეყანა დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი, მოუწოდა ბელარუსელებს 15-16 აგვისტოს მასობრივი სამშვიდობო აქციებისკენ და მიმართა ბელარუსის ქალაქების მერებს, არ შეუშალონ ხელი მოსახლეობას აქციების ჩატარებაში და თავად გამოვიდნენ ამ აქციების ორგანიზატორებად.

ციხანოუსკაიამ კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას ძალადობაზე და გაიმეორა, რომ თავის მომხრეებს მოუწოდებს მხოლოდ მშვიდობიანი აქციებისკენ, როგორიცაა „სოლიდარობის ჯაჭვი“ და ასევე გაფიცვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG