Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაწყებულია რეგისტრაცია არასრულწლოვანთა 200-ლარიანი დახმარებისთვის


15 აგვისტოს ამოქმედდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ონლაინპორტალი 17 წლამდე ასაკის პირებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის.

განაცხადი უნდა შეავსოს მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა. ელექტრონული პროგრამა მოითხოვს როგორც თავად არასრულწლოვნის, ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მონაცემებს: სახელსა და გვარს, დაბადების თარიღსა და პირად ნომერს.

ასევე საჭიროა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერის მითითება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ატვირთვა.

ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ:

  • 0-დან 17 წლამდე პირებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე.
  • დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.​
  • ონლაინრეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა შესაძლებელია მიმართონ, მაგალითად: სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებსა თუ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

0-დან 17 წლამდე ასაკის პირებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული ზიანის შემსუბუქების მიზნით ახსნა. ასევე გამოცხადდა სხვა ინიციატივებიც: 300 ლარი ჩაერიცხებათ იმ თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მანამდე სრულად ვერ წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტები; მოხდება კომუნალური გადასახადების 4 თვის განმავლობაში დაფარვა და სწავლის ერთი სემესტრის საფასური დაუფინანსდებათ სოციალური მდგომარეობის კუთხით 150 ქულის მქონე სტუდენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG