Accessibility links

ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძის პარტიას შეუერთდა


უფლებადამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია პოლიტიკაში მიდის. ის დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა. მუხაშავრიას განცხადებით, სწორედ „ტრიბუნას“ შესწევს ძალა, რომ ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.

„ამ არჩევნებმა, ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას.

დაუშვებელია, ქვეყანაში გამუდმებით ირღვეოდეს ადამიანების უფლებები და არ მოქმედებდეს იმ წესებისა და კანონების ერთობლიობა, რომელიც ამ დარღვეულ უფლებებს აღადგენდა, კანონს აღასრულებდა და სამართალს თავის სიმაღლეზე დააყენებდა.

ვფიქრობ, რომ "ტრიბუნას" სწორედ ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში და ამ ნიადაგზე მოხდა ჩვენი გაერთიანება“, - განაცხადა 15 აგვისტოს ლია მუხაშავრიამ.

ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოსთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტსაც“ წარმოადგენდა, აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე.

„რადგან საქართველოში ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა, ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა - „ტრიბუნა“ კი იბრძვის იმისთვის, რომ სამართალი აღდგეს, სამართლიანობისთვის ერთ-ერთი ნათელი მებრძოლის, ლია მუხაშავრიას ჩვენს პარტიაში მოსვლა, მართლაც რომ სერიოზული განაცხადი და შენაძენია“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. 2016 წლის არჩევნებზე ის წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ რიგებიდან 2018 წლის ივლისში გარიცხეს და შემდეგ მან უმრავლესობა დატოვა. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG