Accessibility links

ლუკაშენკამ პუტინთან განიხილა მასობრივი გამოსვლების თემა მისი გადადგომის მოთხოვნის ზრდის ფონზე


ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავის ქვეყნაში მზარდი საპროტესტო გამოსვლები განიხილა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ერთად, იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო მედია.

სატელეფონო საუბარი 15 აგვისტოს გაიმართა ლუკაშენკას გადადგომის მზარდი მოთხოვნის ფონზე არჩევნების შემდეგ, რამაც გამოიწვია არნახული საპროტესტო გამოსვლები და მთავრობის მხრიდან მათი სასტიკი ჩახშობა. ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობაზე დაყრდნობით Belta იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს ბელარუსსა და მის გარშემო ვითარებაზე, თუმცა დეტალები არ მოჰყავს. თვითონ ლუკაშენკამ მოგვიანებით თქვა მხოლოდ, რომ პუტინმა მას "ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, თუ მოთხოვნა იქნება".

კრემლის განცხადებაში წერია, რომ ორმა ლიდერმა საუბრის დროს „გამოხატეს რწმენა“, რომ „პრობლემები“ ბელარუსში „მოგვარდება მალე“.

ათასობით ბელარუსი მონაწილეობს უკვე მეშვიდე დღეა მშვიდობიან გამოსვლებში, რომლებიც 26-წლიანი მმართველობის განმავლობაში ლუკაშენკას უდიდესი გამოწვევაა. ლუკაშენკამ ადრე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი სურს და გამოთქვა გაფრთხილება, რომ საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება. „პუტინთან დაკავშირებაა საჭირო, რათა მასთან საუბარი შევძლო, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსს არ უქმნის საფრთხეს“, იუწყება სააგენტო Belta.

ლუკაშენკამ გადარჩენის უნარის მქონე პოლიტიკოსის რეპუტაცია განიმტკიცა მოსკოვსა და დასავლეთს შორის ლავირებით, თავისი ქვეყნის სტრატეგიული პოზიციის გასამყარებლად. ის გასულ წლებში ჩინეთის გავლენას და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმა, რათა სივრცე შეექმნა რუსეთის მოსაგერიებლად.

არჩევნების შემდგომი არეულობა იმ პერიოდში ხდება, როცა დაძაბულობაა მინსკსა და მოსკოვს შორის რუსეთის კრედიტების, ენერგომატარებლების სუბსიდირების და რუსეთის შეთავაზების ფონზე, მოხდეს ბელარუსის ინტეგრაცია სახელმწიფოთა სამოკავშირეო ხელშეკრულებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG