Accessibility links

იმნაძე ქობულეთის ბუნგალო „ჰავანის“ ყოფილ სტუმრებს აფრთხილებს


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც 9-10-11 აგვისტოს სტუმრობდა ქობულეთში მოქმედ ბუნგალო „ჰავანას“.

ამ ობიექტის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს, რომელიც თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ იყო ჩასული, COVID-19 დაუდასტურდა.

„არის ერთი არასასიამოვნო შემთხვევა, რომელიც ქობულეთში გამოვლინდა - ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“, ბუნგალო ქობულეთში.

ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია და უკვე გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ, მაგრამ 9-ში, 10-ში და 11 აგვისტოს ვინც იყო ამ კაფეში, მინდა, რომ მაქსიმალურად გავაფრთხილო. ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ აუცილებლად ცხელების ცენტრებს“.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ დღის პირველ ნახევარში უთხრა რადიო თავისუფლებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი შემთხვევის გამო კარანტინში გადაიყვანეს 15 პირი, ხოლო 53-ს ტესტირება ჩაუტარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა ამჟამად 1321-ს შეადგენს.

3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1088-ს გაუტოლდა. ამასთან, სამკურნალო ცენტრებში კვლავაც რჩება 216 პაციენტი, აქედან კრიტიკულია 6 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო კიდევ 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG