Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ვაშინგტონი ბელორუსი ხალხის მოთხოვნებს მხარს უჭერს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც ევროპის ოთხ სახელმწიფოში მოგზაურობას ვარშავაში ასრულებს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს და შესაძლო ნაბიჯებს განიხილავს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. პომპეომ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არ მიიჩნევს ბელორუსში გამართულ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად და მხარს უჭერს ბელორუსი ხალხის მოთხოვნებს - თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. პომპეომ მინსკს მოუწოდა დიალოგისკენ სამოქალაქო საზოგადოებასთან.

პომპეოს თქმით, საპროტესტო აქციების დაკავებული მონაწილეების ნაწილის განთავისუფლება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაცეკ ჩაპუტოვიჩის თქმით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების თემას ბელორუსის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი მხოლოდ მაღალი რანგის ზოგიერთ მოხელეს შეეხება, რომლებიც პასუხიმგებელი არიან არჩევნების გაყალბებისა და ძალადობისთვის დემონსტრანტების მიმართ, და არა ეკონომიკას.

ბალტიის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ იშუამდგომლებენ ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუმცა, შაბათს, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალიაკსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მას არ სჭირდება.

პომპეომ თავის პოლონელ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობისთვის“, რითაც შეიქმნა პოლონეთში შეიქმნა აშშ-ის დამატებითი ჯარის განთავსების პირობები.

ბელორუსიაში ერთი კვირაა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ამტკიცებენ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ოფიციალური შედეგებით, მოიგო პრეზიდენტმა ლუკაშენკამ, გაყალბებული იყო მის სასარგებლოდ. დაკავებულ იქნა ათასობით პირი, იტყობინებიან საპატიმროებში მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ.

ბოლო დღეებში აქციები იმართება მშვიდობიანად, თითქმის მილიციის ჩაურევლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG