Accessibility links

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 ბუნგალო „ჰავანის“ ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტებია


აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 4 შემთხვევიდან 2 ქობულეთში მდებარე ბუნგალო „ჰავანის“ ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტებია.

შიდა გადაცემის შემთხვევა 15 აგვისტოს გამოვლინდა. ქალი, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია, ქობულეთის ზღვისპირა კაფეში მომსახურე პერსონალად მუშაობდა. მისი კონტაქტებიდან 54 პირი, თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად მათგან ორს ვირუსი დაუდგინდა, 25-ს კი სინჯები აუღეს, რომლის პასუხები ხვალ, 17 აგვისტოს დილით გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქობულეთში ამ დრომდე გრძელდება ეპიდკვლევა. კაფე „ჰავანაში“ კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ობიექტის დახურვის აუცილებლობა არ გახდა საჭირო.

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე ამბობს, რომ, როგორც დადგინდა, კაფეს ინფიცირებულ თანამშრომლებს უშუალო კონტაქტი ობიექტის მომხმარებლებთან ნაკლებად ჰქონდათ და მხოლოდ თანამშრომლებთან ურთიერთობდნენ. მიუხედავად ამისა, ყველას, ვინც ბოლო დროს სტუმრობდა ქობულეთის ბუნგალო „ჰავანას“, შეუძლია ლაბორატორიული კვლევა ჩაიტაროს:

„თუ ვინმე სტუმრობდა აღნიშნულ კაფეს, შეუძლიათ მიმართონ ქობულეთის კლინიკას ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. სიმპტომების შემთვევაში კი დაუკავშირდნენ 112-ს ან ნებისმიერ ცხელების ცენტრს“, - ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 15-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1336 შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1088-ია, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოს დილისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 249.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG