Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: უკრაინის მოქალაქის საქმე არ მინახავს, არ ვიცი რას ეხება


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქის, ვადიმ ალტმანის საექსტრადიციო საქმე ჯერ არ უნახავს და მასზე პოზიცია არ აქვს:

„მე აუცილებლად გაგაცნობდით ჩემს პოზიციას, ეს პოზიცია რომ მქონდეს. პოზიცია კი არ მაქვს იმიტომ, რომ საექსტრადიციო საქმეზე ჯერ პროკურატურები მუშაობენ ორი ქვეყნის, შემდეგ ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს და მხოლოდ სულ ბოლოს, პატიმრობის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მოდის საქმე თავისი მტკიცებულებებით იუსტიციის მინისტრთან. ეს წერია კანონში. ამიტომაც ეს საქმე მე არ მინახავს, არ ვიცი რას ეხება და როდესაც მექნება ამ საქმესთან გაცნობის საშუალება, რა თქმა უნდა, პოზიციაც მექნება და, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია თქვენთვისაც გახდება ცნობილი“, - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინის მოქალაქის ვადიმ ალტმანის შესაძლო ექსტრადირებისა და ამ საკითხზე სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას. ეს განცხადება მინისტრმა გააკეთა დაბა ლაითურში, სადაც პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა, რუსეთს არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი.

სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნინო ლომჯარიამ ირაკლი შოთაძეს ამ წინადადებით ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მიმართა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში, არის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი, მონაწილეობდა უკრაინელ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 30 იანვარს მიიღო რუსეთის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესახებ, რომლის მიხედვით, მას ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის გამო პროუკრაინულ განცხადებებს ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას მოჰყავს ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად.

ლომჯარიას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG