Accessibility links

უცნობებმა კიევში დაწვეს საგამოძიებო ჯგუფ „სქემების“ გადამღები ჯგუფის მანქანა


წუხელ კიევში უცნობებმა ცეცხლი წაუკიდეს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, „სქემები: კორუფცია დეტელებში“, გადამღები ჯგუფის ავტომანქანას.

გადაცემის ჟურნალისტის, მიხაილ ტკაჩის, ცნობით, ავტომობილი გადამღები ჯგუფის მძღოლის სახლთან ახლოს დაწვეს.

ამ მანქანით გადამღები ჯგუფი ხშირად გადაადგილდება, მასალებზე მუშაობის დროს.

მიხაილ ტკაჩის თქმით, ბოლოს ამ მანქანით მოძრაობდნენ, როდესაც იღებდნენ მასალებს გადაცემისათვის „გზათა მეფეები“. მასში ლაპარაკი იყო უკრაინის პირველ პირებსა და მაღალჩინოსნებზე, რომლებიც არღვევენ გზებზე მოძრაობის წესებს.

„სქემების“ მთავარი რედაქტორი, ნატალია სედლეცკა, აცხადებს, რომ მანქანის დაწვა უკავშირდება „სქემების“ საქმინობას, რაც „ვიღაცას ძალიან არ მოსწონს“.

მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაუშვებელი უწოდა ჟურნალისტების დევნას. „როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ყოველთვის დავიცავ თითოეული მოქალაქის უფლებას, მათი ჩემდამი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად“, - დაწერა ზელენსკიმ ფეისბუკში.

კიევის პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი საინფორმაციო საშუალების კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG