Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100 ათასი გოგა ხაინდრავას ახალი ფილმისთვის - აფხაზეთის მთავრობა საკუთარ ბრძანებას "გაუგებრობას" უწოდებს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 13 აგვისტოს გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის "კინო და ღვინო" ფილმის გადაღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამ გადაწყვეტილებით ფილმისთვის "სიმართლე აფხაზეთზე" ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავს, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გახდეს.

მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ რეალობა დაამახინჯა და ცდილობს ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. ფილმის მიზანი კი მუჰაჯირობის შესახებ რეალური ფაქტების მიწოდებაა.

"სამწუხაროდ, იქ წამლავენ ხალხს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლის პროპაგანდა", - თქვა ხაინდრავამ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით ირკვევა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ შესყიდვების სააგენტოს ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა და დოკუმენტაციას ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო.

თუმცა თავად აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას „გაუგებრობა” უწოდეს და რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.

„თუ მსგავსი მოთხოვნა არსებობდა, ეს მოთხოვნა გაუქმდება და 2020 წელს მსგავსი შესყიდვა არ განხორციელდება... ჰქონდა გაუგებრობას ადგილი“, - განმარტავენ უწყებაში.

თავად ხაინდრავა ამბობს, რომ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს მთავრობიდან მისი წარმომადგენელი გასულ კვირას ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ ფილმის გადასაღებად ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.

რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მის კომპანიას არაერთი ფილმი აქვთ გადაღებული. მათ შორის ერთ-ერთი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით. ფილმს "ჰეროკრატია" ერქვა, იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს შეეხებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG