Accessibility links

შეთანხმებული, შეუთანხმებელი და შესათანხმებელი


18 აგვისტოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ამომრჩეველთა ხმებს ერთობლივი ძალებით დაიცავს. ასევე შეთანხმებულად გამოცხადდა მაჟორიტარი კანდიდატების საკითხი თბილისის 8-ვე ოლქისთვის. თუმცა "ნციონალური მოძრაობის" პოზიცია შეკითხვებს იწვევს.

ასევე რჩება შეუთანხმებელი საკითხები, რომელთა ნაწილიც არჩევნებამდეა რელევანტური, ხოლო ნაწილიც - არჩევნების შემდეგ.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქისთვის მანამდე შეთანხმებულ 6 კანდიდატს ოპოზიციურმა ერთობამ 18 აგვისტოს კიდევ 2 კანდიდატი მიუმატა: დიდუბე-ჩუღურეთის ოლქისთვის - ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი"), ხოლო საბურთალოს ოლქისთვის - ირაკლი ოქრუაშვილი („გამარჯვებული საქართველო“).

მანამდე შეთანხმებულ 6 კანდიდატს შორის არიან:

  • ვაკის ოლქი - ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“):
  • მთაწმინდა-კრწანისის ოლქი - შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“):
  • გლდანის ოლქი - ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“):
  • სამგორის ოლქი - ლევან ხაბეიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“):
  • ისნის ოლქი - გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“):
  • ნაძალადევის ოლქი - შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“).

„ნაციონალურ მოძრაობას“ 18 აგვისტოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მხარს არ უჭერს ირაკლი ოქრუაშვილს. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ - თუკი ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში მხარდაჭერას „მკაფიოს“ უწოდებენ, ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში სიტყვა მხარდაჭერა საერთოდ არ გამოიყენება.

18 აგვისტოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საბურთალოს ოლქის შესახებ თქვა:

  • „საბურთალოს რაიონში კანდიდატს არ ვაყენებთ, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს“;
  • „ბევრი ღირსეული კანდიდატია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან საბურთალოს რაიონში თავმოყრილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ უბრალოდ, კანდიდატი არ დავაყენოთ“.

ღირსეულ კანდიდატებს შორის მელიამ დაასახელა, მაგალითად: ბადრი ჯაფარიძე („ლელო“), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“) და თაკო ჩარკვიანი (ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“).

საკითხის ამგვარი ფორმულირება მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს და მხარდამჭერებს საბურთალოს ოლქში თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს.

ამას ოპოზიციურ ერთობაში საჯაროდ პრობლემას არავინ უწოდებს. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება ასევე „მხარდაჭერის ფორმას“ წარმოადგენს და რომ „თბილისში მოხერხდა მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციის კრიტიკული მასის შეჯერება“.

თაკო ჩარკვიანი კმაყოფილი დარჩა გადაწყვეტილებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბურთალოს ოლქთან დაკავშირებით მიიღო. ჩარკვიანი ოქრუაშვილს სუსტ კონკურენტად განიხილავს.

  • მიუხედავად იმისა, რომ „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური ერთობიდან მთავარ მოკავშირედ ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავს;
  • „ლეიბორისტული პარტიის“ მრგვალი მაგიდის ფორმატში გაწევრიანებულ დანარჩენ პარტიებს კი, ის ხშირად „ფსევდო ოპოზიციად“ მოიხსენიებს;
  • თაკო ჩარკვიანმა სწორედ ოპოზიციური ერთობის გვერდის ავლით დააყენა საკუთარი კანდიდატურა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში;
  • თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“ 2020 წლის არჩევნებში გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, ბლოკის სახით იყრის კენჭს.

თავად ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ საბურთალოს ოლქმა ის სწორედ თავისი სირთულით მიიზიდა, რადგან იოლი გზებით სიარული არ უყვარს და გამარჯვებაში საზოგადოების იმედი აქვს.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ის ოპოზიციური ერთობის მხარდაჭერისთვის მადლობელია, მაგრამ არ აპირებს, რომ „გირჩის“ ამომრჩეველს ამა თუ იმ მაჟორიტარი კანდიდატისა და მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერისკენ ბრმად მოუწოდოს. ამბობს, რომ კანდიდატებმა თავად უნდა დაიმსახურონ - „გირჩის“ ამომრჩევლის ნდობა და თანაც იმით, რომ „გირჩის“ ხედვები გაიზიარონ.

  • „ნებისმიერ მათგანს ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას რომ დაელაპარაკოს „გირჩის“ ამომრჩეველს“.
  • „თუ ისინი შეძლებენ - გულწრფელად დაარწმუნონ ჩვენი ამომრჩეველი, რომ ისინი დაუჭერენ იმ ხედვებს მხარს, რომლის გატარებასაც „გირჩი“ აპირებს მომავალ პარლამენტში, ისინი მიიღებენ გირჩის ამომრჩევლების მხარდაჭერას“.

ოპოზიციას რეგიონებში შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატები არ ეყოლება. უშედეგოდ დასრულდა "ევროპული საქართველოს" მონდომება და მცდელობა, რომ ეს დიდ ქალაქებში მაინც მოხერხებულიყო. დანარჩენი პარტიების უმრავლესობა თავიდანვე მეორე ტურების შემთხვევაში კოორდინაციის მომხრე იყო.

ოპოზიცია თანხმდება, რომ პროპორციულ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტებად რჩებიან, მაგრამ აქვთ საერთო მიზანი - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება.

18 აგვისტოს ხელმოწერილი დეკლარაციით 30-მდე პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, რომ ერთმანეთის ხმებსაც დაიცავენ და ამ პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

18 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა ხმების დაცვის მექანიზმებიც და მაგალითად - საგანგებო ცხელი ხაზის შექმნა.

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად - ვკითხულობთ დეკლარაციაში.

ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატში შეთანხმებულ დეკლარაციას უნდობლობის გარემოსა და დესტაბილიზაციის საყრდენის შექმნის მცდელობად თვლიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა:

  • „არანაირი ხმების დაცვის აუცილებლობა არ არის აქტუალური თემა. სწორედ ამის აქტუალიზაციას ცდილობს ოპოზიცია, თითქოს მათ ხმები აქვთ დასაცავი და ვითომ საზოგადოებას აქვს ის განცდა, რომ შეიძლება რაიმე დარღვევებით ჩატარდეს არჩევნები“.
  • „რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ საზოგადოებაში ამ პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ. ვფიქრობ, რომ დეკლარაციას თავისი მიზანი აქვს - ეს არის ძალთა გაერთიანება იმ შემთხვევისათვის, თუკი ექნათ რესურსი რაიმე დესტრუქციული პროცესების განსავითარებლად“.

იმ შეთანხმების ფონზე, რომელსაც ოპოზიციურმა ერთობამ ისტორიული უწოდა, 18 აგვისტოს, თითქოს შედარებით ჩაცხრა ბოლო დღეების მწვავე დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის. თუმცა სადავო საკითხი ისევ ღიად რჩება.

ეს არის საკითხი, რომელიც აქტუალური შესაძლოა გახდეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ და თანაც იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია კოალიციური უმრავლესობის ფორმირებას შეძლებს.

  • „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავს;
  • ხოლო „ევროპული საქართველოსთვის“ ასეთი არჩევანი მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორეს, რომ მათი პარტია ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტ მანდატს აიღებს და შესაბამისად, მომავალი პრემიერ-მინისტრის დასახელების უფლებაც სწორედ მას უნდა ჰქონდეს.

„ევროპული საქართველო“ კი, საკითხს ასე განიხილავს: ნებისმიერი პარტია და მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერის კანდიდატურას დამოუკიდებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეარჩევს, თუკი ის მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შევა. ხოლო თუკი კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, მაშინ მომავალი პრემიერობის კანდიდატი კოალიციის წევრებს შორის ერთობლივად უნდა შეთანხმდეს.

უმრავლესობის შექმნასა და მთავრობის დამტკიცებას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

წინასაარჩევნო კამპანიას პრემიერ-მონისტრობის კანდიდატის რანგში ატარებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი - გიორგი ვაშაძე. მართალია, ის ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატია, მაგრამ ამ წრეში არ არის შეთანხმებული მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა.

გიორგი ვაშაძე 18 აგვისტოს არ გამოჩენილა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, თუმცა დეკლარაციაზე მისი პარტიის ხელმოწერაც არის.

ოპოზიციური ერთობის ფორმატში შემავალი პარტიები აპირებენ, რომ ხელი მოაწერონ კიდევ ერთ დეკლარაციას და ამით დადონ პირობა, რომ მომავალ პარლამენტში არ ითანამშროლებენ "ქართულ ოცნებასთან". როგორც 18 აგვისტოს ითქვა, შეთანხმება სავარაუდოდ სექტემბერში გაფორმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG