Accessibility links

ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო პირველ სხდომას გამართავს


ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები

დღეს პირველ სხდომას გამართავს ბელარუსში შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელმძღვანელ ორგანოს აირჩევს.

ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის და ახალი არჩევნების ჩატარების მიზნით საბჭოს შექმნის ინიციატივა 14 აგვისტოს გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

18 აგვისტოს გამოცხადდა საბჭოს 50-წევრიანი შემადგენლობა. მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლებისთვის“ ლიდერი იური გუბარევიჩი, სვიატლანა ციხანოუსკაიას თანამებრძოლი მარია კოლესნიკოვა და სხვები.

საკოორდინაციო საბჭოს შექმნა ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეაფასა ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ და საპასუხო ზომებით დაიმუქრა. თავის მხრივ, საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ თუ ლუკაშენკა ოპოზიციასთან დიალოგს არ დათანხმდება, სხვა მაღალჩინოსნებს მიმართავენ კრიზისიდან გამოსასვლელად ერთობლივი მსჯელობის დასაწყებად.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში გაიმარჯვა არა ალექსანდრ ლუკაშენკამ(80%), არამედ მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ. აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG