Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 19 აგვიტოს პრესკონფერენციაზე ბრიუსელში.

ევროპის კავშირის ლიდერებმა გამართეს საგანგებო ვიდეოსამიტი, რომელზეც განიხილეს ვითარება ბელარუსში, სადაც უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელმაც დასძინა, რომ ბრიუსელი სულ მალე სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც კენჭისყრის გაყალბებასთან არის კავშირში და იმ პირებს, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისთვის არჩევნების შემდეგ.

„ჩვენი გზავნილი ცხადია: ძალადობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი, რომელშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას. ბელარუსის ხელმძღვანელობამ უნდა გამოხატოს ხალხის ნება", დაწერა ტვიტერით შარლ მიშელმა 19 აგვიტოს, როცა შეხვედრა იწყებოდა.

სამიტის წინ ბელარუსმა ოპოზიციონერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, „მხარი დაუჭირონ გამოფხიზლებას“ ბელარუსში და პატივი სცენ ბელარუსი ხალხის არჩევანს.

9 აგვისტოს არჩევნების ოფიციალური შედეგებით, კენჭისყრა მოიგო 1994 წლიდან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელსაც კენჭისყრის გაყალბებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის კანდიდატმა ციხანოუსკაია, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს ათეულათასობით მომხრე გამოიყვანა ქუჩებში, ამტკიცებს, რომ მას ამომრჩეველთა 60-70 პროცენტი მიემხრო.

18 აგვისტოს ოპოზიციის ლიდერებმა ჩამოაყალიბეს საკოორდინაციო საბჭო ძალაუფლების გადაბარებისთვის, რასაც ლუკაშენკამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისკენ ნაბიჯი უწოდა.

ლუკაშენკამ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოუწოდა დასავლეთის ლიდერებს, თავიანთი ქვეყნების პრობლემებს მიხედონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG