Accessibility links

რატომ არის ევროკავშირი ბელარუსის საკითხში თავშეკავებული


მაშინ, როცა რუსეთი ლოდინის რეჟიმშია ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ ევროპის კავშირიც ზუსტად ამასვე აკეთებს მეტ-ნაკლები ერთსულოვნებით.

19 აგვისტოს საგანგებო სამიტის შემდეგ ბრიუსელის მანტრაა „ფრთხილად იმოქმედე“.

ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას აკრიტიკებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების მოპარვისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ გაისმის მისი გადადგომის ღია მოწოდებები.

ევროკავშირმა კენჭისყრას უწოდა „არც თავისუფალი და არც სამართლიანი“, მაგრამ ჯერჯერობით არ ყოფილა კენჭისყრის ხელახლა ჩატარების მკაფიო მოთხოვნა.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის ქუჩებში გასულ დემონსტრანტებს სოლიდარობას გამოუხატავენ, ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან მინსკში ჩავიდნენ შუამავლობის გასაწევად.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ჯერ ერთი, ცხადია, რომ ბელარუსზე ევროკავშირის გავლენა საკმაოდ შეზღუდულია. მაგრამ ბლოკში ამავე დროს არის გულწრფელი შიში, ზედმეტად არ გაანაწყენონ რუსეთი. თუმცა მოწმე ვართ განხეთქილებისა კლუბში, რომელშიც ზოგ ქვეყანას, როგორებიც არიან ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, აღიზიანებს, რომ დასავლელი წევრები ზედმეტად მოწიწებით ეკიდებიან მოსკოვს. და კიდევ არის უკრაინის ევრომაიდნის 2013-2014 წლების რევოლუციის აჩრდილი, როცა ევროკავშირი თავიდანვე ძირითადი მოთამაშე იყო, მაგრამ ვერ ახერხებდა პოლიტიკურად თანმიმდევრულად რეაგირებას.

როცა საქმე ეხება ბერკეტს, ნათელია, რომ ევროკავშირს, როგორც მთელს, არც განსაკუთრებით დიდი მათრახი მოეპოვება და არც ძალიან გემრიელი თაფლაკვერი.

კი, სანქციები მოსალოდნელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი უფრო სიმბოლური ხასიათის იქნება.

ევროკავშირის ინფორმირებული წყაროების თანახმად, იქნება არა სექტორული ეკონომიკური სანქციები, არამედ სხვადასხვა ოფიციალური პირისთვის ვიზების გაცემაზე უარი და აქტივების გაყინვა.

ბელარუსში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი რეპრესიების დროს სანქციები დაუწესდა 130-ზე მეტ პირს, მათ შორის - პრეზიდენტს. ამ მომენტისთვის საქმეს ისეთი პირი არ უჩანს, რომ ევროკავშირი ამდენის წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ისიც კი შესაძლებელია, რომ ლუკაშენკა საერთოდ არ იყოს ამ სიაში, ვინაიდან კავშირის ბევრი წევრი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში არსებობდეს სანქციების „გამკაცრების“ პოტენციალი. ასეა თუ ისე, ევროკავშირის ზომები შესამჩნევ გავლენას ვერ მოახდენს რეჟიმზე - ისევე, როგორც ეს ცხრა წლის წინ იყო.

19 აგვისტოს სამიტის შემდეგ ერთადერთი სიურპრიზი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, როცა გამოაცხადა, რომ კომისია ბელარუსს 53 მილიონ ევროს გამოუყოფს. დიდი თანხა არ არის, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივ ბელარუსი წელიწადში დაახლოებით 30 მილიონ ევროს იღებს ხოლმე. თუმცა დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს ფული მართლაც გაიგზავნოს. მათ შორის, დასაზუსტებელია, როგორ მოხერხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ საბოლოოდ ფულით ლუკაშენკამ და მისმა უშიშროების აპარატმა არ იხეირონ. 53 მილიონიდან 2 მილიონი განკუთვნილია რეპრესიების მსხვერპლთა დახმარებისთვის, 1 მილიონი კი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. დარჩენილი თანხა „კორონავირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარებისთვისაა“ და მოხმარდება საავადმყოფოებს ან სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ჯერაც გასარკვევია დეტალები, ზუსტად როგორ დაიხარჯება ეს ფული.

გარდა ამისა, როგორც იტყვიან, „ოთახში იმყოფება სპილო“: რუსეთი. ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი ქვეყნებიდან ბევრი არაა იმით კმაყოფილი, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ევროკავშირის სამიტამდე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და რომ ბოლომდე არაა ნათელი, მიიღო თუ არა მოსკოვისგან დაპირება, რომ ის პატივს სცემს ბელარუსის სუვერენიტეტს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ელაპარაკნენ კრემლს და ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის შესახებ რუსეთთან კომუნიკაციის გარკვეული სახის არხი აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრთაგან ბევრი მოითხოვს, რომ არაფერი არ უნდა გადაწყდეს მინსკის გვერდის ავლით.

და სწორედ აქ აღიარებენ ევროკავშირის ლიდერები, რომ ეს კრიზისი მოცემულ მომენტში განსხვავდება უკრაინის რევოლუციისგან.

მაშინ ევროკავშირის მონაწილეობა აუცილებელი იყო, ვინაიდან პირველ საპროტესტო გამოსვლებს ბიძგი მისცა მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უარმა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრები მოვლენების დაწყებიდანვე ჩადიოდნენ უკრაინაში რათა შუამავლობა გაეწიათ რაიმე სახის გარიგებაში.

მაშინ კიევის წინაშე იდგა მკაფიო არჩევანი: ან ევროკავშირთან ან მოსკოვთან ინტეგრაცია.

ბელარუსში კი რეჟიმის ცვლასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გეოპოლიტიკურ ცვლილებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ამით აიხსნება აქცენტი შიდა ბელარუსულ დიალოგზე და მოწოდებები, რომ საჭიროა საქმეში ეუთოს ჩართვა და არა ევროკავშირის რაიმე სახით შუამავლობა. უნდა მოველოდეთ, რომ ამაზე შორს ბრიუსელი არ წავა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG