Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში, შორტების გამო, მამა-შვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს


პანკისის ხეობაში, შორტების ტარების გამო, მამა-შვილზე ძალადობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, მამას და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი კი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს მუშაობს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე.

რა მოხდა პანკისის ხეობაში?

ნიკო წელაური, რომელიც თბილისში ცხოვრობს და წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ სოფლის სახლში იყო ჩასული.

8 აგვისტოს, კაფეში მყოფმა ნიკომ, საკუთარ ავტომობილთან, სადაც არასრულწლოვანი შვილი ელოდა, ხალხმრავლობა შენიშნა. გარეთ გამოსულმა კი გაარკვია, რომ მის შვილს სამი ადგილობრივი ახალგაზრდა ედავებოდა იმაზე, თუ რატომ ეცვა მოკლე შორტები.

ამ დროს წელაურსაც შორტები ეცვა. როგორც თავადვე ამბობს, სწორედ ამის გამო ერთი ახალგაზრდა მას, ორი კი მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ნიკოს თქმით, ცემის გამო ადგილზე გონება დაკარგა, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, რომ მას ხელი აქვს მოტეხილი. შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო ნიკოს 16 წლის შვილმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG