Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის მანქანა ააფეთქეს და თავდასხმას არჩევნებს უკავშირებს


ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი

ახალქალაქში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. მკოიანი აცხადებს, რომ ავტომობილით ბოლო პერიოდში თავად მგზავრობდა და თავდასხმას სამიზნე ის იყო, მოახლოვებული არჩევნების გამო.

21 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის მანქანა აფეთქდა. დეპუტატ მკოიანის ცნობით, აფეთქებამ მისი ძმის, მარდუნ მკოიანის სმენა დააზიანა ნაწილობრივ. მკოიანი ამბობს, რომ აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, მისი ხმა 3 კილომეტრის მანძილზე, მათ შორის, ქალაქის ცენტრში ისმოდა.

ფეისბუკლაივში მკოიანი ჰყვება, რომ 20 ივლისს დაურეკეს და დაემუქრნენ, სახლიდან არ გასულიყო და არჩევნებზე არ ეფიქრა, "წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის ძვირფასს წამართმევდნენ".

დეპუტატი ამტკიცებს, რომ კიდევ ერთხელ დაურეკეს 24 ივლისს, მოსკოვის ნომრით, ვაიბერში და უთხრეს, "დიდი თანხა უნდა გადმოგვირიცხო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგკლავთო. ჩვენი ადამიანი გვყავს და ყველა შენი ნაბიჯი ვიცითო - სად დადიხარ, რა დროს გამოდიხარ სახლიდან".

ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მიმართა გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, თუმცა პროკურატურაში ის პოლიციის რეგიონალურ სამმართველოში გადაამისამართეს.

"გამოკითხვაზე დამიბარეს აქედან 100 კილომეტრში. მათ შორის, დღესაც დამირეკეს. ვუთხარი, ასე არ შეიძლება-მეთქი - ან თქვენ მოდით ადგილზე, ან გენერალურ პროკარუტრაში წავალ-მეთქი", - ამბობს მკოიანი.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ თავდასხმა მის წინააღმდეგ იყო და არა მისი ძმის, რადგან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იმგზავრა ამ ავტომობილით. დღეს კი მკოიანის ძმა მანქანაში მარტო იყო.

ივლისის ბოლოს, ინტერნეტში გავრცელდა 26 მარტს გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მირბის დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში. მკოიანი აცხადებს, რომ ამ დროს თავს იცავდა, რადგან მოკვლის მიზნით, მისი მიმართულებით 3-ჯერ გაისროლეს.

მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის რაიონში მოქმედი და წინა ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. წელს ის "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად აღარ დაასახელა.

"რა თქმა უნდა, ვფიქრობ, არჩევნებს უკავშირდება. რატომ დაიწყო მაინცდამაინც ახლა? ბევრი ვერსია მაქვს, მაგრამ ამას გამოძიებას მოვუყვები", - აცხადებს ენზელ მკოიანი.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს აფეთქებას მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო: "ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს. დეპუტატი თავდასხმას არჩევნებს უკავშირებს", რაც დაზუსტდა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG