Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე პროკურატურაზე: ცდილობენ, წინასაარჩევნოდ, გახარიას ჩამოწმინდონ შელახული რეპუტაცია


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

ოპოზიციური პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძის თანამებრძოლი აცხადებს, რომ პროკურატურა უსუსურად ცდილობს, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მოუხსნას "მუქარის წერილთან" დაკავშირებით.

"დღევანდელი პროკურატურისგან სხვა ტიპის განცხადებას არც უნდა ველოდეთ", - ეუბნება ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: "ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნოდ, გახარიას ჩამოსწმინდონ შელახული რეპუტაცია. არაკომპეტენტური განცხადებაა. საქმე შესწავლილი არ აქვთ და აცხადებენ, გახარიას ანაბეჭდები არ აღმოჩნდაო".

საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თიბისი ბანკის დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე აღებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას, როგორც ამას ხაზარაძე ამტკიცებს.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები იქნება ხელისუფლების შეცვლა და კომპეტენტური პროკურატურის შექმნა, რომელიც "მომავალში ანალოგიურ შემთხვევებს შეისწავლის საფუძვლიანად და არ იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურად".

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

  • უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
  • უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
  • „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG