Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს თანახმად, ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 4 ადამიანი


 ლიზ ტროსელი
ლიზ ტროსელი

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ლიზ ტროსელის განცხადებაში.

გაეროში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ უცნობია, სულ მცირე, 9 პირის ადგილსამყოფელი, რომლებიც გაუჩინარდნენ 9 აგვისტოს შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ.

„ჩვენ შევახსენებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია წამება და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ გავრცელებული ყველა მტკიცებულების შესასწავლად. მათ შორის არის საპროტესტო აქციების დროს მიღებული ტრავმების შედეგად დაღუპული 4 ადამიანი“, - ნათქვამია გაეროს წარმომადგენლის განცხადებაში.

ბელარუსის ხელისუფლებას აქამდე დადასტურებული ჰქონდა მხოლოდ სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულაძიმირ მაკეიმ, კონტრპროდუქტიული უწოდა ბელარუსის მიმართ სანქციების მოსალოდნელ ამოქმედებას და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG