Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაახლოებით 100 000 ადამიანი იმყოფება ანტისამთავრობო მიტინგზე


ბელარუსის დედაქალაქში 23 აგვისტოს თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი, რომელზეც, სულ მცირე, 100 000 ადამიანი იმყოფება.

ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის გარდა, იუწყებიან დამოუკიდებელი არხები TUT.BY და NЕХТА.

„მარში ახალი ბელარუსისთვის“, ასე ჰქვია მორიგ ხალხმრავალ მიტინგს, რომელიც 9 აგვისტოს პრეზიდენტობის არჩევნების ფალსიფიცირებული შედეგების გაუქმებისა და ახალი თავისუფალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ტარდება.

აქციის დაწყებამდე, შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საპროტესტო აქციის დროს, მილიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

9-11 აგვისტოს მოვლენების შედეგად ბელარუსში 4 ადამიანი დაიღუპა.

აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს 7 000-მდე ადამიანი.

მომდევნო დღეებში ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

თუმცა, რამდენიმე ადამიანს კვლავ ეძებენ უფლებადამცველები და ოჯახის ახლობლები.

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გუშინ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ხელისუფლება დაიწყებს მთელ ქვეყანაში წესრიგის აღდგენას და „უმკაცრესად აღკვეთს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებზე ნებისმიერ ზეწოლას“, რასაც, მისი თქმით, ე.წ. შავრაზმელების ასეულები ახორციელებენ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ხელისუფლების მუქარა ვერ შეაჩერებს საყოველთაო აღშფოთებას და ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩაწყნარდება, ეს არ მოხდება. ვინაიდან ჩვენმა ხალხმა გამოიღვიძა და უკვე ვეღარ შეძლებენ იცხოვრონ ამ ძალასთან, რომელსაც ისინი აღარ იღებენ, რომელსაც არ ცნობენ და რომელსაც არასოდეს აპატიებენ იმ დანაშაულს, რომელიც მან ჩაიდინა“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ბალტიის საინფორმაციო სააგენტო BNS-თან ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG