Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა „ფაშისტური“ უწოდა თეთრ-წითელ-თეთრ დროშას, რომელსაც ოპოზიცია იყენებს


ვიქტარ ხრენინი
ვიქტარ ხრენინი

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტარ ხრენინმა „ფაშისტური“ უწოდა საპროტესტო აქციებზე გამოტანილ თეთრ-წითელ-თეთრ დროშებს და დაიმუქრა, რომ არმია არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის მემორიალების წაბილწვას.

„ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ, თუ როგორ იმართება ამ წმინდა ადგილებში აქციები იმ დროშის ქვეშ, რომლითაც ფაშისტები ორგანიზებას უწევდნენ ბელარუსების, რუსების, ებრაელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მასობრივ მკვლელობას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ! ამიტომ დღევანდელი დღიდან მათ დაცვას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე. კატეგორიულად გაფრთხილებთ, ამ ადგილებში წესრიგისა და სიმშვიდის დაღვევის შემთხვევაში თქვენ მილიციასთან კი აღარ გექნებათ საქმე, არამედ არმიასთან“, - ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თეთრ-წითელ-თეთრი დროშა, რომელსაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ბელარუსის ოპოზიცია იყენებს თავის სიმბოლოდ, სწორედ ლუკაშენკას მიერ იქნა შეცვლილი, 1995 წლის სადავო რეფერენდუმზე.

დროშა 1918 წლიდან გამოიყენებოდა ბელარუსის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქვეყნის გასაბჭოებამდე.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თეთრ-წითელ-თეთრი ბაირაღი კვლავ აღდგა და იგი 1995 წლის რეფერენდუმამდე სახელმწიფო დროშად ითვლებოდა.

გუშინ, 22 აგვისტოს, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ საომარ მოქმედებაში მოიყვანა ქვეყნის შეიარაღებული ძალები შესაძლო საგარეო საფრთხისაგან ქვეყნის დასაცავდ.

"ჩვენ ვხედავთ ნატოს ჯარების სერიოზულ მოძრაობას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე", - განაცხადა 22 აგვისტოს ლუკაშენკამ არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, ჰროდნოს პოლიგონზე.

ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა ოანა ლუნჯესკუმ "უსაფუძვლო" უწოდა ლუკაშენკას განცხადებას და უარყო მტკიცებულება ბელარუსის საზღვრის მახლობლად ნატოს ქვედანაყოფების გადასროლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG