Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის განმარტებით, შატილთან მომხდარი ავარიისას გადარჩენილებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აქვთ


კრიტიკულად მძიმედ აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი შატილთან მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მედიასთან საუბარში ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კლინიკაში მოთავსებულია სამი ქალი, რომელთაგან ორს ოპერაცია უტარდება.

"სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. ამ წუთებში, ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია", - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა. „განვითარდა შინაგანი სისხლდენა. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია“, - ამბობს ლევან რატიანი.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG