Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: უპირატესად ინფექცია კონცენტრირებულია ლენჯერის თემში


კორონავირუსის გავრცელების გამო ისევ ჩაკეტილია დაბა მესტია და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერი, სადაც ბოლო სამ კვირაში ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლიდნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12-დღიანი კარანტინის ამოწურვის გამო, ბოლო სამ დღეში განმეორებითი PCR-ტესტირება ჩაუტარდა 1216 პირს. მათგან 357 ლენჯერის მცხოვრებია, 571 კარანტინში მყოფი და 56 - თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა კარანტინში მყოფ, დაცვის სამსახურის 75, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და მესტიის საავადმყოფოს 43 თანამშრომელს.

ამირან გამყრელიძის თქმით, უპირატესად ინფექცია კონცენტრირებულია ლენჯერის თემში. ბოლო დღეებში დადასტურებულია 11 შემთხვევა.

ამასთან, საკარანტინო სივრცეს ტოვებს ყველა, ვისთვისაც 12-დღიანი ვადა ამოიწურა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კარანტინში რჩება რამდენიმე ათეული ადამიანი. მათთვის 12-დღიანი ვადა 27 აგვისტოს იწურება და, შესაბამისად, განმეორებით ტესტირებას ჩაუტარებენ.

ლენჯერთან დაკავშირებული 2 შემთხვევა გამოვლინდა ლენტეხში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, უამინდობის მიუხედავად, ლენტეხში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, აღებულია 126 ნიმუში და პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა 17 პირს. კარანტინში გადაიყვანეს მესტიაში მყოფი ასეულობით ტურისტი. 21 აგვისტოს შეზღუდვები მოიხსნა ყველგან, გარდა დაბა მესტიის და სოფელ ლენჯერისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG