Accessibility links

logo-print logo-print

საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად


ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ერთ-ერთია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე. ამის შესახებ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი სიტყვებით, მსოფლიოში ფინალურ ეტაპზე შედის კოვიდის ვაქცინის წარმოება, ამჟამად 9 ვაქცინა გადის კლინიკურ კვლევას და სამი მათგანი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია.

ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა. მან კონკრეტულად დაასახელა მხოლოდ ერთი ვაქცინა, რომელზეც ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ კოორდინირებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან, მათთვის ვაქცინის შესაძლო მიწოდებაზე და ამ პროცესში ჩართულია საქართველოც. კერძოდ, ჯანდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველო მუშაობს, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ ვაქცინის მისაღებად განაცხადის წარდგენისთვის. მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულ უწყებებს შესაბამისი დავალებები მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG